ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია დიდთოვლობასთან, ასევე აეროპორტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.
„მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული. ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.