საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
"გენერალ-მაიორმა კაპიტან გოჩა ფსუტურს, ლეიტენანტ მიხეილ კანდელაკს, უფროს სერჟანტ სილოვან წკრიალაშვილს, უმცროს სერჟანტ გიორგი ავანაშვილსა და კაპრალ რატი გავარდაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდში მუშაობის უნარის მიხედვით ხორციელდება.
პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.