დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

14 თებერვალი 2025, 10:33 139 ნახვა

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია ცვლილებების გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, მათ შორის ადმინისტრაციის ცვლილება აშშ-ში, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი ბრიუსელში და კონფერენციიდან ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში