ოპოზიცია გაღიზიანებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას - პრემიერი

12 თებერვალი 2025, 17:43 102 ნახვა

ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან მათ უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

„მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი აბსოლუტურად არ მიკვირს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მისივე თქმით, გამოძიება საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ვერავინ გაბედოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში