ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით.
„მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე“, - აცხადებს კობახიძე.