პროკურატურაში საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაწყებული გამოძიების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ვატო შაქარიშვილი. ამბობს, რომ პროკურატურას მიაწვდის მნიშვნელოვან დოკუმენტებს რაც შეიძლება საქმეს დაერთოს როგორც მტკიცებულება.
საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 8 თებერვალს სწორედ ამ მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. აღძრული საქმის ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებაში ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიც.