ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ - მდინარაძე

05 თებერვალი 2025, 13:54 126 ნახვა

არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება.

„დარბაზში მსხდომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვიცით. ამ საკითხზე გვეთანხმებიან „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. კი არადა, უფრო რადიკალურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ეს გახლდათ. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად ჯობია იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლიუსები ასევე მინუსები ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი – იჩენდეს უპატივცემოულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, მეორე – ეს ყველაფერი არ შეიძლება, იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც წინა შემთხევავში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ (და ალბათ ყველა დარწმუნებულია, რემ ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს), იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის, გარე დავალების შესაბამისად, საბოტაჟის იარაღად გამოიყენებენ ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პარლამენტში შესვლა ბევრ ოპოზიციონერს უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ.

„ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ, როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თავთან, თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ. ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ მათ ავალებენ, რომ მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ და ამიტომ დღეს მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში