ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი

27 იანვარი 2025, 14:18 181 ნახვა

შეუჩერდება თუ არა საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში? საკითხი ოფიციალურად დაინიცირებული ჯერ არ არის, თუმცა ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. თუ საკითხი 30 დეპუტატის მხარდაჭერას მიიღებს, იგი გადაეცემა კომიტეტს, რომელიც განიხილავს, რამდენად საფუძვლიანია ეს მოთხოვნა.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ  5 იანვარს  საერთო წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს, და მოუწოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატები არ აღიაროს.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი უნდა გახდეს ახლად არჩეული დეპუტატების მანდატების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.  

მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ ასამბლეა წერილის შინაარსს არ გაიზიარებს. ოპოზიციის წევრები გეგმავენ სტრასბურგში პარტნიორებს ინფორმაცია თავად  მიაწოდონ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში