იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა უდინეს პროვინციაში მოხდა. გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩატარდა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებით წარადგენდნენ. გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.