თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ, ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
"აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული ცნო დამნაშავედ და სამ მათგანს 5-5- წლით, ერთს კი 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულთან, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, შედგა საპროცესო შეთანხმება და სასჯელად პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები"- აღნიშნულია ინფორმაციაში.