ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა რეგიონში - ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს

17 იანვარი 2025, 14:44 117 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის.


„უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი. სამაგალითო ის, თუ როგორ ზრუნავთ თქვენ აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალური წვლილის შეტანის თაობაზე ქართული მხარის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„დღეს გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს იყო ნაყოფიერი, პროდუქტიული შეხვედრა. მე მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრის მაღალი დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის. ეს კომისია არის შესანიშნავი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. სწორედ ამ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, ასევე განვიხილეთ რეგიონში გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი შეხვედრაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში