თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციებზე დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
განაჩენს სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა.
მანამდე, ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი, მთელი დღის განმავლობაში, სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვდნენ.
ადვოკატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების გამო, 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი, ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებოდნენ.
საზოგადოებრივი ადვოკატები დაკავებულების პატიმრობაში დაყენებას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველების თქმით, სასამართლოს დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.