8 ბრალდებულის საქმეზე ადვოკატების მხრიდან ბოიკოტის შემდეგ, სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ სახაზინო ადვოკატებთან ერთად განახლდა. ერთ-ერთმა ადვოკატმა კი საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო მოითხოვა რის გამოც შესვენება გამოცხადდა.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო დილიდან დაიწყო, თუმცა დაცვის მხარე სასამართლო დარბაზის შეცვლას მოითხოვდა. მათი განმარტებით, უჰაერობის გამო ერთერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა.
დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.