შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

10 დეკემბერი 2024, 17:43 208 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გ.ღ.-ს სარჩელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ.

სასამართლო დავა ეხება 2021 წლის იანვრისა და მარტის თვეში ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას.

სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა „შკოდას“ გ.ღ. არ მართავდა და კომენდანტის საათის დროს სექს-მუშაკების ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა. უფრო მეტიც, სიუჟეტში მითითებულ დროს გ.ღ. კონკრეტულ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გ.ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება გააჩნიათ, სადაო სიუჟეტი არასასიამოვნოა მოსარჩელისთვის, თუმცა ზიანის მომტანი არ არის, რის გამოც გ.ღ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში