2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი.
„2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა 6 %; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი3 %; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1 %-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 500 მილიონი ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%; 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით; შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით; ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია ორ მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, 2025 წელს გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში, გამოყოფილია - 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.
"მომდევნო წლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის, ქობულეთის დამატებითი ორი ზოლის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და გასასვლელის, წიწამური-ჟინვალის, ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი - თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ხოლო თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10 %-იანი ზრდა.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.
„აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. მათი კუთვნილი დღგ-ის მოცულობა, ჯამურად, 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი იქნება, რაც 2024 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 300 მილიონი ლარით მეტია. გარდა ამისა, 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქალაქ თბილისის ტრანსფერის სახით, რომლის ფარგლებში დედაქალაქის მერია გეგმავს ახალი პროექტების დაწყებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით.