დაველოდებით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, იმედი გვაქვს, ეს ფაქტი თვისებრივად შეცვლის, როგორც საქართველო-აშშ-ის, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით ხელისუფლების მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა ასახული.
"დაველოდებით 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში და იმედი გვაქვს, რომ ეს ფაქტი თვისებრივად შეცვლის ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იმ პირობებში, როდესაც იყო პრობლემები მოქმედ ადმინისტრაციასთან, ეს იცით, რომ პირდაპირ აისახებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, იცით, ეს სქემა როგორ მუშაობს. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიც თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის ვართ მზად ამისთვის, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა ასახული.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ მარტივ რამეს – დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ თქვენ იცით, როგორია მათი დამოკიდებულება. სამი წელი გვაცხოვრეს შანტაჟის ქვეშ, სამი წელი. კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე მაქვს იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.