პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოში გიგაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით მას 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელზე ფიზიკური შეხება. მათივე მტკიცებით, თავდაპირველად, ფიზიკური შეურაცხყოფა გიგაურს სწორედ პოლიციელმა მიაყენა.
ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათივე განცხადებით, დაკავებულმა პოლიციელს ფიზიკური დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა.პარალელურად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დავობს, ანატოლი გიგაური, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს. ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.