ხალხის პროტესტს მხარში დავუდგებით, პარტიულ პროტესტს არა - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2024, 14:07 238 ნახვა

გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეუერთდებიან, მხოლოდ, ხალხის და არა პარტიულ პროტესტს.

განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ჟურნალისტის კითხვის - "შეუერთდება თუ არა პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ უწყვეტ პროტესტს", საპასუხოდ გააკეთა.

„ხალხის პროტესტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარში დავუდგებით და პარტიულ პროტესტს არ… პარტიული პროტესტი თუ მოგვინდა, ამ პროტესტს ჩვენ თავად დავაორგანიზებთ. რა გგონიათ, აქციის მოწყობაა პრობლემა?“, – განაცხადა მან.

გახარიას თქმით, ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმის დაცვის დროა.

„დღეს ჩვენ ყველგან ვიბრძვით მოქალაქეების ნების დასაცავად, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე და მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, მათ დაშინებას, რათა მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა.

 

დღეს, მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ისევე როგორც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა უბნებზე მოიპოვეს, ამ ყველაფერს გადავცემთ მათ  და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც. ყველამ ერთად, მათ შორის პოლიტიკოსებმა უნდა ვიბრძოლოთ, დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის თავისუფლების უფლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი