მადლობა ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას - ბიძინა ივანიშვილი

26 ოქტომბერი 2024, 20:20 354 ნახვა
 

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.

როგორც ივანიშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაამართლებს ნდობას.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელ სააქართველოს, ჩვენს საყვარელ ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. არჩევნები უფრო მეტი ჩატარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითად არჩევნებად ითვლება საპარლამენტო არჩევნები. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ დიდ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენი ქვექანა აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს უახლოეს ისტორიაში. გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს ოთხ წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას.

გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია, თუ გინდათ, რომ სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში გვყავს უამრავი წარმატებული წევრი. აი, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი რამ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველლა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, ღალატი და მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა გამოვიყენოთ. ვხედავ ირაკლი ქარსელაძეს, როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს. შეხვედრა მქონდა დღეს უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც აკვირდებიან, გაოცებულები არიან, გაოცებული არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში და როგორიც არის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან, ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს. მე აღარ ვისაუბრებ მათზე, ვინც ცდილობს საქართველო ვიღაცის დაკვეთებზე წაიყვანოს, გილოცავთ, გილოცავთ და როგორც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში