აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქობულეთში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება-განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ქობულეთში, უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში განთავსდება ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის დარბაზები.
მოეწყობა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით ქობულეთში ეკომიგრანტებისთვის 2 მრავალბინიანი კორპუსი აშენდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტს ასევე შეემატება კიდევ ერთი ახალი, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი სანაპირო ინფრასტრუქტურა. ფიჭვნარში, ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.