პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბსუ-ს თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა - ბსუ-ს ადმინისტრაცია

23 ოქტომბერი 2024, 13:38 393 ნახვა

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა - ამის შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის უსაფუძვლო განცხადებებზე/მოსაზრებებზე/დასკვნებზე ამავე ფაკულტეტის ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსების/კომპონენტების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებიდან ამოღებასთან (გაუქმებასთან) დაკავშირებით.

ბსუ-ში ჟან მონეს კათედრა დაარსდა და წარმატებით ფუნქციონირებს, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მაქსიმალური მხარდაჭერით და გადაწყვეტილებების შესაბამისად. ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებში, ამავე ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების ინიციატივით მიღებული ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებებით ,,სავალდებულო“ და ,,არჩევითი“ სასწავლო კურსების სტატუსით ჩაშენდა კათედრის მიერ მომზადებული 2 სასწავლო კურსი:

1. ,,საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) "ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ბ) “ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" - არჩევითი კურსი 5 კრედიტი;

2. ,,ევროპისმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ბ) ,,ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" - არჩევითი კურსი 5 კრედიტი;

3. ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

4. ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" - სავალდებულო საგანი 5 კრედიტი;

ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამათაგან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს 20.09.2018 წლის კანონი №3438; 16.03.2021წ.კანონი №339 – ვებგვერდი, 27.06.2024 წლის კანონი №4298) შესაბამისად და საჯარო მმართველობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბსუ-ში შემუშავდა ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 180 კრედიტს (გახდა 3-წლიანი). ბსუ-ს ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული საბაკალავრო პროგრამის (180-კრედიტიანი) 150 კრედიტი არის დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებული, კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სასწავლო კომპონენტები, 30 კრედიტს კი მოიცავს პროგრამის თავისუფალი/არჩევით სასწავლო კურსები.

ბსუ-ში მოქმედ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადა იწურება 2024 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ და ბსუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციის მიზნით, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა წარდგენილი იქნა სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში, შინაარსობრივი ნიშნით (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად.

მალხაზ ნაკაშიძე თავის საჯარო განცხადებაში არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების თავისუფალი სასწავლო კურსების საუნივერსიტეტო ბაზაში არსებობს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსები (საგნები) და სტუდენტებს (მათ შორის ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან), აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში თავისუფალი არჩევანი და საშუალება აქვთ აირჩიონ და დაარეგისტრირონ ეს სასწავლო კურსები/საგნები, თავისუფალი კომპონენტის (30 კრედიტის) ფარგლებში.

არ შეესაბამება სინამდვილეს მალხაზ ნაკაშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამა თითქოს არ ითვალისწინებს (თითქოს გაუქმებულია) ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსები. ბსუ-ს ,,საჯარო მმართველობის“ განახლებული, დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოსული, 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია შემდეგი სასწავლო კურსები: 1. ევროკავშირის პოლიტიკა და მართვა; 2. ევროკავშირი და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

და ბოლოს, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ევროკავშირის სამართლის“ და ,,ევროინტეგრაციის ისტორიის“ სწავლებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ 2002 წელს, ბსუ-ს ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის ლექტორების მიერ იკითხებოდა როგორც ევროკავშირის სამართალი, ისე ევროპის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია. ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები ,,ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში" და ,,ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი" ამჟამად გათვალისწინებულია ბსუ-ს ,,საერთაშორისო ურთიერთობების“, ,,ვროპისმცოდნეობის“ და ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ძირითად და არჩევით სასწავლო კურსებად. ამჯერად, არაფერს ვამბობთ ბსუ-ში ყოველწლიურად მიმდინარე სხვა ათობით პროგრამაზე და პროექტზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება და არც იმაზე, რომ საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ბსუ ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რაც უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

ამდენად, პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის მცდელობა დააკნინოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა როლი ევროპული ღირებულებების სწავლებაში, არსებითად უსაფუძვლო და უადგილოა"- აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი