პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

27 სექტემბერი 2024, 13:11 164 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 24 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. შემთხვევის ადგილიდან ასევე გაიქცა ბრალდებულის თანმხლები პირი რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

"სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული მისმა თანმხლებმა პირმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არც მან შეატყობინა.

დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 სექტემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი