ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები - პრემიერი

27 სექტემბერი 2024, 11:18 206 ნახვა

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. გაბუტვა ბავშვური საქციელია. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები – ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, თუ რაც იყო, ბაიდენის მიწვევით ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად წავედით და ვივახშმეთ ქართულად“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, ქართულ მხარეს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს და ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში