ცესკოში 170 კაციანი სია წარვადგინეთ, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს - მამუკა მდინარაძე

26 სექტემბერი 2024, 14:24 253 ნახვა

2020-ში 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, რადგან რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის პარლამენტიდან, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ცესკოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შედგენის პრინციპი განმარტა.

„ჩვენ წარვადგინეთ ოცეული. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ რაღაც განსხვავება არ ყოფილიყო. შესაბამისად, 50-მდე ასე დაკომპლექტდა. ჩვენი შეთანხმებით, წინასწარვე ცნობილი იყო, „ხალხის ძალის“ ის 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის ოცეულში და არ არის 30 დელეგატში.

 

ამის შემდეგ 56-დან იწყება დეპუტატთა სია, რომელიც რჩება უმრავლესობაში და ეს სია არის 93-მდე. 93-დან არის ყველა ახალი სახე, მათ შორის, საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის საკმარისი შემდეგი ოცეული, როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც, 120-მდე ასე დავაკომპლექტეთ.

 

120-მდეც არიან ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაგრამ 120-ის შემდეგ არის ჩაწერილი ძალიან ღირსეული, ჩვენი 50 ახალგაზრდა. არც ერთი მონაკვეთი არ არის, სადაც გარკვეული პრინციპი არ არის - მთელი სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე. 93-დან, ამ დეპუტატებს გაიცნობთ ამ დღეებში, არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში, ძალიან მიხარია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან, პირველივე სხდომაზე იქნებიან შემოსული პარლამენტში და შესაბამისად, მათ წინასწარვე წარმატებას ვუსურვებ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი გუნდის მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესახებ საკმაოდ რეალისტურია.

„არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს შედეგი. ვიღაცას შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პარტია ოპოზიციიდან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერ გადალახავს ბარიერს და ჩვენ მივიღებთ დაახლოებით იმ რეიტინგს, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ რეალისტურია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

 

ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძესთან, ბექა ოდიაშარიასთან და ხატია წილოსანთან, რომლებიც საარჩევნო სიაში არ არიან, სხვადასხვა პოზიციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცის. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერ არ მაქვს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება. ასევე, ასეთი კონსტულტაციები მიმდინარეობს ბექა ოდიშარიასთან კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ხატია წილოსანთან ერთ-ერთ საპასუხისმგბელო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი