ცესკო ამომრჩევლებს ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს

13 სექტემბერი 2024, 14:49 249 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს, ხმის მიცემის ადგილის გასაგებად, მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს.

„მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით.

წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანენ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51”,- განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი