კომუნიკაციების კომისიამ 11 მაუწყებლის წინააღმდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

11 სექტემბერი 2024, 17:21 298 ნახვა
 

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანების, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი ტელეკომპანიების - „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“- ის („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტროს“, „პოსტივის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“, „სილქ მედიასა“ და „ილიონის“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის მიხედვით, მათ მიმართეს აღნიშნულ ტელეკომპანიებს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით, ხოლო მაუწყებლებმა ბლოკში შემავალი პარტიებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო სარეკლამო დრო არასწორად გაანაწილეს. კერძოდ, ბლოკისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც უნდა გაყოფილიყო სამზე, გაიყო ხუთზე, რის გამოც დაირღვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისი უფასო სარეკლამო დრო შემცირდა.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფასო საეთერო დრო თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ ერთმანეთისგან განასხვავებს პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტი კი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ მიუთითებს პოლიტიკურ პარტიებზე და არა - საარჩევნო სუბიექტებზე, შესაბამისად, ამ დანაწესის მიხედვით, უფასო საეთერო დროც თანაბრად ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებული, მათ შორის, მათ, რომლებიც მიმდინარე არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლების მხრიდან „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში