უკრაინაში თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტას განიხილავენ, თუ რუსეთი ირანის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გეორგი ტიხის განცხაქდებით:.„შემიძლია ვთქვა, რომ განხილვის საგანია ყველა ვარიანტი, მათ შორის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ეს გადაცემა თუ მართლაც მოხდა და მათი გამოყენების ფაქტი თუ დაფიქსირდება, დამიჯერეთ, როგორც კი მოხდება, ეს საჯარო გახდება, მაშინ იქნება შედეგები. სიტუაცია, რომელიც ამჟამად ვითარდება, სრულიად მიუღებელია უკრაინისთვის. უკრაინამ გამოხატა მკაცრი პოზიცია, რომ ამას დამანგრეველი შედეგები ექნება უკრაინა-ირანის ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნა ტიხიმ.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, გასულ ღამეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას მკაცრი ფორმით აცნობეს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რის გამოც ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
ამასთან, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას „ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს“ უწოდებენ.