ძალიან მძიმე შემთხვევაა. "ნაცი" და "ნაცური" ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ ამას თავის მმართველობის პერიოდში და ახლა ხდება ეს სიტყვით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოფელ გეგუთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც „ქართული ოცნების" წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მსგავსი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
"ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს. მე შემიძლია გავიხსენო (კოლეგები მახსენებდნენ) ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი (თუ სწორად გვახსოვს ყველას). სამგორის რაიონში მოხდა ეს ფაქტი, როცა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ეს პოლიციელი გარდაიცვალა ადგილზე (თუ სწორად გვახსოვს). 2020 წელს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ერთ კვირიანი აი ამ ფაშისტური, ნაცური ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. კადრები ვნახეთ უმძიმესი და შეიძლება ეს კაციც შეგეცოდოს, ვინც ეს ბულინგი განახორციელა. ღირსება ქართველი კაცისთვის არის მთავარი რამ. ეს სლოგანში კი არ არის მარტო ასახული, ადამიანის გულში და სულშია. ამ პროპაგანდის მსხვერპლმა შეურაცხყოფა მიაყენა აი ამ ადამიანს, ეს ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით ადგილზე. ყველას უნდა ახსოვდეს პოლიტიკოსი იქნება თუ ჟურნალისტი, როდესაც ასეთი პროპაგანდის ავტორია, შემდეგ ამ პროპაგანდას განვრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაიცვალოს. ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. ნაცური პროპაგანდა კლავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.