პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

03 სექტემბერი 2024, 16:22 393 ნახვა
 

საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება - 8 დაზარალებულის მიმართ 11 ეპიზოდი), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი ურთიერთობის იძულება), 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნისთვის სქესობრივი ურთიერთობის იძულება - ორი ეპიზოდი), 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში