საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

28 აგვისტო 2024, 13:41 363 ნახვა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

„საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა – კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივრეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკო-ს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ, აქტიურად ჩაერთონ პროცესში. რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია. აქვე შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარდგენა მატერიალური სახით დღეს და ხვალ, 18:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, საკონკურსო დოკუმენტაცია, შესაძლებელია, განმცხადებელმა წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი