პოლიციამ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

25 აგვისტო 2024, 11:11 82 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს - 1997 წელს დაბადებულ დ.შ.-ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

 

სამართალდამცველებმა ლ.ტ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში