პრეზიდენტი ოლიმპიელების დღეს დაჯილდოების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელებისთვის სექტემბერში სახალხო ზეიმის მოწყობას გეგმავს

15 აგვისტო 2024, 15:32 384 ნახვა
 
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება და ამას თავისი მიზეზები აქვს.
 
როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარალიმპიადა ახლა იწყება და გრძელდება 8 სექტემბრამდე, შესაბამისად, ყველას მიღება ერთად გაიმართება.
 
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეხება ერთ თემას – ოლიმპიელებს და ოლიმპიელების დაბრუნებას. მინდა, პირველ რიგში, მათ და ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. არა მხოლოდ იმათ, ვინც დაბრუნდა მედლებით და ძალიან გაახარა საქართველოს საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, რამეთუ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე და ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა. მგონი, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად. დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე იქნებოდა მიღება, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე, დაჯილდოება. არ მჩვევია რაღაც კინკლაობა. სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გვაქვს, მაგრამ სხვათა შორის, გამოვაცხადე, როცა ვაცილებდით ოლიმპიელებს ყველა ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში აქ, როცა დაბრუნდებოდნენ.
 
მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ჯერ ერთი, ეს არის სერიოზული საქმე და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ არის ორი სხვა მთავარი მიზეზი: მე მიმაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს მართლაც ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია – სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ვაპირებ, რომ მოვაწყო სახალხი ზეიმი, როგორც გამოვაცხადე. მეორე, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, რომ პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, როგორ შეიძლება, ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება – ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიპმიურ თამაშებში და ცალკე პარალიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება და ყველანი, ოლიმპიელები თუ პარალიმპიელები, გელოდებით სექტემბერში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი