ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

31 ივლისი 2024, 11:18 400 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.

სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა;

უწყების ცნობით, ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში.

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობასა და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას განაგრძობს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი"- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი