ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს - გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 10:00 433 ნახვა
 

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია, ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნისა და მსჯავრდების მაჩვენებელი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022-2023 წლებში დევნა დაიწყო 388 ნარკორეალიზატორისა და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში მხილებული 165 პირის მიმართ. ხოლო განაჩენები გამოტანილი იქნა 291 ნარკორეალიზატორისა და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 170 პირის მიმართ.

„მართალია, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არ არის ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული დანაშაული, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერი შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მნიშვნელოვანია მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება. ჩვენს ქვეყანას ტრეფიკინგთან ბრძოლის შედეგიანი პოლიტიკა აქვს, რასაც ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ საქართველო უკვე მე-9 წელია, ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის ცალკეული შემთხვევების პრაქტიკის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს შრომით ტრეფიკინგზე, მათ შორის, ბავშვთა შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევებზე. პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობით, აქტიურად უნდა გააგრძელოს ტრეფიკინგის მახასიათებლების კვლევა.

„ზოგადად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკების გამსაღებლების, ადამიანებით მოვაჭრეების, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში ჩართული პირების მიმართ მკაცრია და ვითხოვთ პატიმრობას. მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და, როგორც წესი, არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენებთ“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულების გამოძიებისას და ფულის გათეთრების გამოსავლენად, გაძლიერდეს პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ არსებულ ლიბერალურ პოლიტიკას, ის მომავალშიც შეინარჩუნებს, ხოლო განჭვრეტადობისა და ერთიანი მიდგომების დასანერგად აუცილებელია, შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი