"ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას - მამუკა მდინარაძე

16 ივლისი 2024, 21:13 91 ნახვა

პარტია „ქართული – ოცნება“ და „ხალხის ძალა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.

"მივესალმები ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართებულ ჯგუფს, რომელსაც „ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმება შემთხვევითი არ არის. ჩემგან გაიგებთ, ალბათ, პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან.

„ქართული ოცნების“ 41 ათასზე მეტ წევრს ვულოცავ ახალ ოფისს – ცოტა მეტია ციფრი, მაგრამ სხვა ციფრის მთქმელი მე დღეს არ ვარ, გამორიცხულია. გილოცავთ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რაც ამ ქვეყნის სიყვარულით, მოყოლებული 2011 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გიკეთებიათ და მადლობა, ასევე მომავლისთვის, როდესაც თქვენ კიდევ მეტი შემართებით დაიხარჯებით საკუთარი სამშობლოსთვის!

ყველა ხვდება, მეგობრებო, რომ წელს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ჩვენი ოპონენტები, მაგალითად, თავის ხედვებზე ისაუბრებენ, რადგან მათ, როგორც მათვე თქვეს, არ აწყობთ, შევიდნენ რომელიმე თემის შინაარსში. ეს იქნება არჩევნები, სადაც ან სიკეთე, სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ძალა, ქართული იდენტობა და ტრადიციები, მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა, სიმართლე, ჭეშმარიტი ქრისტიანული, ევროპული გზა გაიმარჯვებს, ან.. და მეორე ან აქ აღარ არსებობს, არ არსებობს მეორე ან, რადგან ამ ქვეყანას ფიზიკური და სულიერი განადგურება ნამდვილად არ უწერია! პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით! ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ეს!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ, დამოუკიდებელი – ხაზგასმით ვამბობ, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას, გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაგვიპირისპირდება. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ „ნაცობა“, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია, საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს.

დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ, ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს! ერთია არსებული რეალობა და მეორეა საქართველოს წინააღმდეგ მომართული ცრუ კამპანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ფაქტორი, ნაცვლად კეთილსინდისიერი მიზნებისა, ვინმემ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს.

აი, ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად სჭირდებათ. ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში! და არც ერთი მათგანი რომელიმე მეორის ხარჯზე. ამიტომ, მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! და მხოლოდ ევროპისკენ!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში