იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას ტოვებს

15 ივლისი 2024, 13:48 428 ნახვა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს.

როგორც ხახალეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რჩება „ქართული ოცნების“ გუნდში და სხვა რანგში გააგრძელებს ქვეყნის სამსახურს.

„მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში. გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში ათ წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას ამჯერად სხვა ფორმით ვემსახურო. გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს, ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი“, –  წერს იოსებ ხახალეიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი