რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2024, 13:41 209 ნახვა

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა.

„წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა, 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი დაფინანსდა. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი, დაფინანსდა 3 780 პროექტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, 2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უკვე ამ წლის ბოლომდე გვექნება.

გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში