ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები, სადაც პარლამენტი იღებს იმ კანონს, რომელიც არის ქართული - რატი ბრეგაძე

06 ივნისი 2024, 17:01 276 ნახვა

„რუსული კანონი“ - ეს ტერმინი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები, სადაც პარლამენტი იღებს იმ კანონს, რომელიც არის ქართული. ეს არის ქართული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „უხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი ბრეგაძე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ნებისმიერი გაუგებრობა აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი.

"რაც შეეხება პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენ როგორც ამერიკასთან, ასევე სხვა მრავალ ევროპულ სახელმწიფოსთან გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არის ორმხრივი. როდესაც ვამბობ, რომ ეს არის ორმხრივი, მინდა, გავიხსენო ყველა ის ჯარისკაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო, მათ შორის ავღანეთის მისიაში და რომელმაც ასევე საკუთარ ჯანმრთელობაზე თქვა უარი, როდესაც მსახურობდნენ ჩვენს, როგორც ამერიკელ, ასევე სხვა უცხოელ პარტნიორებთან ერთად და იბრძოდნენ მათ მხარდამხარ. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა არის ორმხრივი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გაუგებრობა აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი. როგორ გაირკვევა ეს ურთიერთობა, უკვე მეორე და, ასე ვთქვათ, ტექნიკის საკითხია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ქართველ მებრძოლებს აქვთ ნაბრძოლი, როგორც ამერიკელების, ასევე სხვა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიო მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის. დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა  ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის აუცილებელი.

„ყოვლად გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა დაუწესდეს სანქცია, იქნება ეს დეპუტატი, მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოში იმ კანონს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი