მიხეილ სარჯველაძე მინისტრის ამპლუაში პირველად წარსდგა პარლამენტის წინაშე. მან ძირითადად მისი წინამორბედის, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა. დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრმა დაგეგმილი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში გამოწვევები რჩება, თუმცა არის წინ გადადგმული ნაბიჯებიც. დანერგილ სიახლეებს შორის გამოყო „დიარჯის“ მოდელის ამოქმედება და წარმატებული უწოდა ცე ჰეპატიტის, ონკო პაციენტების პროგრამების მიმდინარეობას, შშმ ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებისა და დასაქმების პროგრამებს.
მინისტრის საათს არ ესწრებოდა ოპოზიცია, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრმა ოპონენტები გააკრიტიკა და სიცრუე უწოდა ოპოზიციის იმ რიტორიკას, თითქოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ონკოპაციენტების დაფინანსება შეწყდება.
მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლება, ონკოპაციენტების მედიკამენტებზე ხელმისწავდომობა, მედპერსონალის ანაზღაურების გაზრდა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, პირველადი ჯანდაცვის განვითარება და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელიც დეპუტატებმა მინისტრს დაუსვეს.