ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებულია. გამოძიება მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს კიბერდანაშაულზეც. სამხედრო ბლოგერი რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს. პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბლოგერის მეგობრის სახლშიც. რამდენიმე საათიანი ჩხრეკის განმავლობაში უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება.
აბაშიძის უფლებადამცველი მხოლოდ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა მის საცხოვრებელ სახლში. დაკავებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშიძის დაკავებისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის კადრებიც გაავრცელა. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ აბაშიძის სახლში ამოღებული 2 იარაღი დაკავებულს რეგისტრირებული აქვს, სხვა ნივთები კი ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია, რადგან აბაშიძე სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია. ოჯახი სამხედრო ექსპერტის დაკავებას ბლოგერის აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.