კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ - პაპუაშვილი

08 მაისი 2024, 12:49 376 ნახვა

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის მისი შეჩერების შანსი, ბევრი მიზეზის გამო, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებდნენ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი კვლავ იხდის სასჯელს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის მოხსნის შანსი, ბევრი მიზეზის გამო. როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის - სააკაშვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.

ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“-განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციების ტექსტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტები წერდნენ, რაც „ამერიკაში მოქმედი ქართული კანონით“ (FARA) დადასტურდა.

„პირდაპირ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ. ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი. და მეორე - ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებებს. ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა, მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ არჩევნები და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ჯერ კიდევ საკითხავია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი