საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.
ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.