შსს-მ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო

07 აპრილი 2024, 17:28 449 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აფეთქების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. ასევე, ადგილზე მუშაობენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი. აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

 

ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე, გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

 

მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო, ერთი – მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი