ბოლო დღეების განმავლობაში, იგივე კამპანიის დაწყება სცადეს, თუმცა აღარ გამოსდით ერთი მთავარი მიზეზის გამო, რუსული კანონი, ეს არის ბრენდინგი, რომელსაც ეწოდება საუკუნის აფერა, კანონებს, რომლებიც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, დაინიცირებულია ევროკავშირში და ევროდირექტივას წარმოადგენს, ამას უწოდებენ რუსულ კანონს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გარკვეული პირები საბჭოური მეთოდებით მოქმედებენ და ცდილობენ, მმართველ პარტიას თავი ამართლებინონ.
"კაგებეშნიკური მეთოდია, რომ მე შენ რაღაცას დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე. არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ ჯგუფზე მკითხეთ, მაგრამ ცდილობენ, კაგებეშნიკური მეთოდებით მოიქცნენ. დააბრალებენ რაღაცას მმართველ გუნდს და მან თავი უნდა იმართლოს. ეს არის საბჭოთა ყველაზე მდაბიო მეთოდი. ახლა მთავარი კითხვაა, რა აქვთ ვალდებულება მედიასაშუალებებს და „ენჯეოებს“. ამ კანონის მიხედვით, ერთადერთი მოთხოვნა არის, ყოველი წლის იანვარში წინა წლის ფინანსების შესახებ დეკლარაციის შევსება. ეს რატომ არის რუსული? მაშინ ჩვენ ყველანი რუსულად ვიქცევით, როცა წინა წლის შესახებ დეკლარაციას ვავსებთ. ლარი და ორი ლარი რომ ვინმეს შეეშალოს, ისინი ჯარიმდებიან. წამოვიღე მტკიცებულებები იმის საწინააღმდეგოდ, რომ ისედაც გამჭვირვალეა მათი ფინანსები. ეს ყალბი ნარატივია. არანაირი ვალდებულება დეკლარაციის შევსების შესახებ ქართულ კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს. ფინანსთა სამინისტროს იშველიებენ და იქ მსგავსი ვალდებულებები არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღების დირექტივა ევროპარლამენტს ევროკომისიამაც გადასცა და ის კანონი გაცილებით უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს.
"ევროპარლამენტს ევროკომისიამ გადასცა რეკომენდაცია, რომ მიიღოს ეს კანონი. ევროკომისიას ევრორეკომენდაციის სახით დირექტივა გადაცემული აქვს ევროპარლამენტისთვის და იქ გაცილებით მკაცრი რეგულაციებია გაწერილი, ვიდრე ჩვენს კანონმდებლობაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი უცვლელად რჩება.