ბათუმში ახალი წიგნის „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება - ტურიზმის დეპარტამენტი

22 მარტი 2024, 16:27 406 ნახვა

აჭარაში ახალი სახელმძღვანელოს „ხალხური თამაშობები აჭარაში“  გამოცემა იგეგმება - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. 

მათივე განმარტებით, წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა.  წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი მუშაობს. წიგნის გამოცემა მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. 

„აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავლად შემოინახა სხვადასხვა სახისა და ხასიათის არაერთი ხალხური თამაში. თამაშობანი ხალხური შემოქმედების ნაყოფია. ისინი აჭარის მეურნეობის, ყოფისა და სოციალური კულტურის სარკეა. მათში აისახება მხარის ცხოვრება. ამავე დროს, თამაშობებში ასახულია სულიერი კულტურის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების სხვადასხვა მხარე. მათში უფრო მეტი შინაარსი დევს, ვიდრე უბრალო გართობა. საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა.

პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც“, - აცხადებს ლელა გოგუაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი