ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს -ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2024, 18:14 477 ნახვა

ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროცესი არაკონსტიტუციურია, რადგან შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას.

„ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები. მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობის უვადობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობრიობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპთან.

ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვთ ერთი ქეისის წარმოდგენას, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოში რაიმე სერიოზული პრობლემების არსებობას. ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს.

მეტიც, გახსოვთ, რომ იყო არაერთი საქმე, რომელზეც ჰქონდა წუხილი ოპოზიციას, იმიტომ, რომ ეს მათთვის სენსიტიური საქმეები იყო. როდესაც წავიდოდნენ სტრასბურგში - ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს, „რუსთავი 2“-ის საქმეს და ა.შ. - ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იყო წაგებული. რატომ? იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მისთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე.

„არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი