პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14 მარტი 2024, 16:23 460 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს: 37,031 გრ. კოკაინს, 13,5699 გრ. მეთადონს, 8,5617 გრ. მდმა-ს, 5,705 გრ. ამფეტამინს და 0,0061 გრ. ლიზერგიდს. ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, პაკეტებად დაფასოებული ქუთაისში ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა და თითოეულ ლოკაციას ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, ფოტოსურათები გადაუღო, რათა შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნა.

„სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი ნაწილი ქუთაისში, ბრალდებულის მიერ დაქირავებული სასტუმროს ნომერში და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.

აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი