ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში - ასოცირების საბჭო

21 თებერვალი 2024, 16:28 456 ნახვა

ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

 

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

 

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეფექტიანი განხორციელება, რომელიც რეგულაციებთან დაახლოების ფართო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებს მოიცავს, ხელშემწყობ პირობებს ქმნის ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რასაც შედეგად ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია მოჰყვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი