დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

20 თებერვალი 2024, 12:38 303 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა. აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული, დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

"იმავე დღეს, დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს მასთან, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ იმავე პირმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ,გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ის პირი, რომელსაც დაზარალებულთან ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა.

პროკურატურამ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით უკვე მიმართა, ხოლო მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით - კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით"- განმარტავენ პროკურატურაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში