ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ არის პოტიომკინის სოფლების შენება, ეს არის რუსული სტილის მენტალიტეტი - პაპუაშვილი

15 თებერვალი 2024, 11:26 497 ნახვა

ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოტიომკინის სოფლების შენება, ეს სინამდვილეში არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო რეგიონში იყო ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური განვითარების ტემპით.

„ის პოტიომკინის სოფლები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას, გარესამყაროს, თითქოს აქ რაღაც კეთდებოდა, ეს დიდი ხანია, გაშიფრულია. ყველამ ჩახედოს ციფრებს, გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველო იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკურად თუ სხვა მხრივ ქვეყანა, საქართველო რეგიონში იყო მაჩანჩალა ეკონომიკური ზრდის ტემპებით. ერთადერთი რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოტიომკინის სოფლების შენება, ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში, მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში სულითა და გულით არიან კომკავშირლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო სამი პროცენტი, 2021 წელს კი, 2 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომედიაა, როცა 2-პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

„ამ კომეიდის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახალახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მქუარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონრები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე,  ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციო საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, როდესაც არ არის ლოზუნგების და სლოგანების გაცვლა და არის საქმიანი მსჯელობა, იქ ყველა კონსტრუქციულია. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ, რომ ვიმსჯელოთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი